განცხადებები, განცხადებების ისტორიები, გზშ, მთავარი სტატიები

საბუკოს პოზიცია – „ამპერაქს ენერჯი ჯორჯიას“ მიერ ქარის ელ. სადგურის მშენებლობის შესახებ

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნიაბის მიმდებარედ, შპს „ამპერაქს ენერჯი ჯორჯიას“ მიერ, დაგეგმილია 11.93 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა.

2019 წლის 29 აგვისტოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება და პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის დოკუმენტი.

ვფიქრობთ, გზშ ანგარიშის შესრულების ხარისხიდან გამომდინარე, არსებობდა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული გარემოება, რათა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიეღო, თუმცა ამის ნაცვლად, საქმიანობის განმახორციელებელს, ბიომრავალფეროვნების შესახებ შესწორებული ინფორმაციის დოკუმენტაციის წარდგენა დაევალა.

2020 წლის 8 იანვარს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა შპს „გამა კონსალტინგის“ შესრულებული დამატებითი კვლევის ანგარიში, რომელიც სამინისტროს მოთხოვნების მიხედვით უნდა ყოფილიყო მომზადებული.

ვფიქრობთ, საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარმოდგენილი დამატებითი კვლევის ანგარიშიც ვერ პასუხობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოთხოვნებს და საქმე გვაქვს, ფორმალურად, ვალდებულების შესრულების მიზნით მომზადებულ დოკუმენტთან.

საბუკომ 2018 წელს ჩაატარა კვლევა კავთისხევის კარიერზე, რომელიც საპროექტო ტერიტორიიდან პირდაპირი მანძილით, დაახლოებით 5 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ საპროექტო ტერიტორიაზე იმ ფრინველთა სახეობების უმრავლესობა არის გავრცელებულები, რომლებიც კარიერზე გვხვდება.

ვფიქრობთ, დამატებითი კვლევის დროს მკვლევარებს, ფრინველთა შემოდგომის მიგრაციის დროს, ანუ იმ დროს როდესაც დამატებითი კვლევა ჩატარდა (ოქტომბრის თვეში), უნდა დაეფიქსირებინათ ის სახეობები, რომლებიც გზშ ანგარიშის მოსამზადებელი კვლევის პერიოდშიც ვერ ნახეს ტერიტორიაზე. ასეთებია:

• ფასკუნჯი Neophron percnopterus (Linnaeus, 1758)

• გველიჭამია არწივი Circaetus gallicus (Gmelin, 1788);

• ჩია არწივი Hieraaetus pennatus (Gmelin, 1788);

• ველის არწივი Aquila nipalensis (Hodgson, 1833);

• მცირე მყივანი არწივი Clanga pomarina (Brehm, 1831);

• მეფეტვია Miliaria calandra (Linnaeus, 1758);

• ჩვეულებრივი გვრიტი Streptopelia turtur (Linnaeus, 1758)

• ჩიტბატონა Carduelis carduelis (Linnaeus, 1758).

მნიშვნელოვან ხარვეზად მიგვაჩნია ისიც, რომ ვერც გარემოზე ზემოქმედების შეფასების ეტაპსა და დამატებითი კვლევის განხორციელების დროს, მკლევარების მიერ, ვერ მოხდა ზემოთჩამოთვლილი სახეობების დაფიქსირება, რაც პირდაპირ, კვლევის არასრულყოფილად ჩატარებაზე მეტყველებს.

ვშიშობთ, არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ სამივე პროექტის განხორციელების შემთხვევაში, საფრთხე დაემუქროს როგორც ეროვნულ, აგრეთვე საერთაშორისო კონვენციებით დაცული სახეობების არსებობას.

საბუკოს მოსაზრებად სრულად გაეცანით ბმულზე