განცხადებები, განცხადებების ისტორიები, გზშ, მთავარი სტატიები

საბუკოს მოსაზრებები შპს „ჩალიკ ჯორჯია ვინდის“ ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტთან დაკავშირებით

ფასკუნჯების მნიშვნელოვნად შემცირებულ პოპულაციას საქართველოში ახალი საფრთხე ელოდება – კვერნაკის ქედზე დაგეგმილი ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა.

ფასკუნჯი საქართველოს წითელი ნუსხით დაცული და კვერნაკის ზურმუხტის საიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახეობაა.

„ზურმუხტის ქსელი“ ბერნის კონვენციით შექმნილი ტერიტორიების ერთობლიობაა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონვენციით დაცული სახეობებისთვის.

კასპის მუნიციპალიტეტში, კვერნაკის ქედზე, შპს „ჩალიკ ჯორჯია ვინდის“ მიერ, დაგეგმილია ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა. ფასკუნჯის ბუდეები საპროექტო ტერიტორიის უშუალო სიახლოვეს მდებარეობს, დაშორება ქარის პირველ ტურბინასა და ფასკუნჯის ბუდეს შორის, მხოლოდ 300 მეტრია! მაშინ, როცა ტერიტორიული ფასკუნჯის წყვილებსა და ტურბინებს შორის მიზანშეწონილი, უსაფრთხო, მანძილი მინიმუმ 15 კილომეტრია.

აღსანიშნავია, რომ ამ საფრთხეს პროექტის განმახორციელებლები თავადაც აღიარებენ. მათ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ქარის სადგურს გაცილებით დიდი გავლენა ექნება ფრინველებსა და ხელფრთიანებზე ექსპლუატაციის ფაზაზე, რომელიც გამოიწვევს „მაღლა ფრენ სახეობათა მუდმივ გადანგურებას“.

ამასთან, კვერნაკის ქედის ის ნაწილი, რომელზეც ტურბინები და ელექტროგადამცემი ხაზები მოეწყობა, გადაიქცევა მუდმივ საფრთხედ, როგორც საქართველოს, აგრეთვე, საერთაშორისო კონვენციებით დაცული ფრინველებისა და ხელფრთიანებისთვის.

ფასკუნჯისთვის, დამატებით საფრთხეს ქმნის მეორე ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც ასევე კვერნაკის საიტზე არის დაგეგმილი. ორივე პროექტის განხორციელების შემთხვევაში კი, კვერნაკის საიტზე ჯამში მინიმუმ 27 ქარის ტურბინას მივიღებთ, რაც ჩვენი აზრით, მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს ქედზე გავრცელებული სახეობებისთვის.

მდგომარეობას ამწვავებს ისიც, რომ პროექტის განხორციელება დაგეგმილია გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ასპექტების შეფასების/შესწავლის გარეშე და გათვალისწინებული არ არის ალტერნატიული ლოკაციები ქარის ელექტროსადგურების მშენებლობისთვის.

საბუკოს მოსაზრებებს შპს „ჯორჯია ვინდის“ ქარის ელექტროსადგურის პროექტის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე