ადგილობრივთა გაძლიერება, ისტორიები, მეცხვარეებთან მუშაობა

როგორ იქცა ცხვარი ბუნებისთვის საფრთხედ?

Article main image

გადაძოვებამ ჭაჭუნის აღკვეთილს რთული ეკოლოგიური მდგომარეობა შეუქმნა. მიწის დეგრადაციამ და მდინარე ივრის ჭალების განადგურებამ, შესაძლოა, გააქროს ჭაჭუნის უნიკალური ბიომრავალფეროვნება.

– იცი, რა არის ამ საქმეში ყველაზე სასიამოვნო? ფოტოხაფანგით გადაღებულ მასალას რომ ხსნი და წინასწარ არ იცი, შიგნით რა დაგხვდება.

– და რა დაგხვდა ბოლოს, რამაც ყველაზე მეტად გაგახარა?

– ფოცხვერი. ჭაჭუნაში მისი არსებობის მტკიცებულება აქამდე არ არსებობდა, ამიტომ მის ნახვაზე უკვე ხელი გვქონდა ჩაქნეული.

ჭაჭუნის აღკვეთილში ფოტოხაფანგმა ფოცხვერი წელს პირველად დააფიქსირა; მალევე, მას შემდეგ, რაც აღკვეთილის ტერიტორიასა და მის ბუფერულ ზონებში საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის – „საბუკომ“ მდინარე ივრის ჭალების ტყის აღდგენის პროექტი დაიწყო.  პროექტი სხვადასხვა გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხს შეისწავლის, მაგრამ ყველა მათგანი ერთ მიზანს ემსახურება – დაიცვას აღკვეთილის ტერიტორია გადაძოვებისა და მიწის დეგრადაციისგან; დანერგოს როტაციული, ადგილმონაცვლეობით ძოვება; აღადგინოს მდინარე ივრის ჭალის ტყეები და შესაბამისად, დაიცვას  ჭაჭუნის უნიკალური ბიომრავალფეროვნება.

ზურა გურგენიძე ორგანიზაციის კონსერვაციული კვლევების ოფიცერია და აღკვეთილში გიდობას მიწევს. სწორედ ზურას პასუხისმგებლობაა ფრინველებისა და ცხოველების სახეობების შესწავლა და მონიტორინგი. ამისთვის ჭაჭუნის აღკვეთილსა და მის გარეტერიტორიებზე 50-მდე ფოტოხაფანგი უკვე დაამონტაჟეს. პირველად, რამდენიმე წლის წინ „საბუკო“ აქ გადაშენების პირას მყოფი მტაცებლის, ბექობის არწივის პოპულაციის შესასწავლად ჩამოვიდა. მაგრამ მუშაობის დროს დაინახეს, რომ მიწის დეგრადაციამ, რომელიც გადაძოვების შედეგი იყო, შესაძლოა, სამომავლოდ ბევრი იშვიათი სახეობის ცხოველი და ფრინველი გააქროს. განადგურდეს მდინარე ივრის მიმდებარე ჭალის ტყე და მეტიც, გარემოსთან ერთად, საფრთხე შეექმნათ მეცხვარეებს, რომელთათვისაც ცხვრის გამოკვების მნიშვნელოვანი წყაროა ჭაჭუნის საძოვრები.

ჭაჭუნის აღკვეთილი 1996 წელს დაარსდა, თუმცა მანამდე, წინა საუკუნის 60-იანი წლებიდან აქ სამონადირეო მეურნეობები იყო გაშენებული და აქტიურად ნადირობდნენ დურაჯზე, გარეულ ღორსა და ქურციკებზეც კი.

5200 ჰა ფართობის ტერიტორია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს. აღკვეთილი არაერთგვაროვანი რელიეფითა და ლანდშაფტით გამოირჩევა. ტარიბანას ველზე  გადაშლილ თვალუწვდენელ მდელოებს რამდენიმე წუთში არიდული ნათელი ტყეები და ნახევრადუდაბნოსთვის დამახასიათებელი სტეპური მცენარეების ფრაგმენტებიანი გორაკები ცვლის; ქვიშაქვითა და კირქვული მასივებით დაფარულ რელიეფებს კი მდინარე ივრის მარჯვენა მხარეს გადაშლილი ჭალის ტყის განსხვავებული ლანდშაფტი ენაცვლება – ტუგაის ტიპის ტყისთვის დამახასიათებელი სახეობებით სავსე, როგორიცაა: თეთრი ვერხვი, ჭალის მუხა და კავკასიური აკაკი – საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობა. ამ ჭალის ტყეებს იყენებს საბუდრად ბექობის არწივიც. არამტაცებლებიდან დურაჯი, რომელიც მხოლოდ ამ ტერიტორიაზე გვხვდება. ამასთანავე, ეს ტყე მნიშვნელოვანი თავშესაფარია მგლისთვის, ტურისთვის, ლელიანის კატისა და მაჩვისთვის.

სასაზღვრო პუნქტების გარდა, რეინჯერების საცხოვრებელი ზაფხულში ერთადერთი შენობაა, სადაც ადამიანის ნახვა შეიძლება.  დღის განმავლობაში აქ მხოლოდ ორი რეინჯერია, ვინც აღკვეთილის ტერიტორიის დაცვაზეა პასუხისმგებელი.  ვასილ ბაღაშვილი და გია სეფიაშვილი კოლეგები არიან. დილის 6 საათიდან ინაწილებენ ტერიტორიას და ერთი ქვემოთ, ჭალაში მიდის საპატრულო შემოვლაზე, მეორე კი – საპირისპირო მხარეს მიემართება.

იშვიათ და გადაშენების პირას მყოფ ნადირ-ფრინველზე ახლაც ნადირობენ და ბრაკონიერობა ჭაჭუნის აღკვეთილისთვის დღესაც პრობლემაა, მაგრამ ვასილს და გიას ამაზე მეტად დღეს საძოვრებისა და ივრის ჭალის ტყეების პრობლემა უფრო აწუხებთ.

აღკვეთილი ათეულობით წლებია, სამცხე-ჯავახეთიდან და კახეთის სხვა რეგიონებიდან წამოსულ ათიათასობით ცხვარს ოქტომბრიდან მაისამდე მასპინძლობს.

ჭაჭუნაში დაახლოებით, 32 ფერმაა  და თითოეულში ცხვრების რაოდენობა 600-დან 4000-სულამდე მერყეობს. თუმცა, არიან ფერმერები, ვისაც 1200 ჰა-ზე 6000-ზე მეტი სული ცხვარიც კი ჰყავს გადანაწილებული.  აქვე ჰყავთ ასობით სხვა მსხვილფეხა საქონელიც: ძროხა, ცხენი… საძოვრების ნაწილი ტრადიციული ზონებია, მაგრამ მიწების დიდი ნაწილი 90-იანი წლებიდან იჯარითაა გაცემული. ზოგს მესაკუთრე ფერმერები თავად მართავენ, ნაწილს კი აქირავებენ: „მიწის გაქირავების პრაქტიკა უარყოფით გავლენას კიდევ უფრო ზრდის, რადგან მეცხვარეები, თანხების დასაზოგად, მცირე ტერიტორიებზე იმაზე ბევრად მეტ ცხვარს აძოვებენ, ვიდრე ამას საძოვრები იტევს“, – მიხსნის „საბუკოს“ დირექტორი, ნათია ჯავახიშვილი.

ყველაზე მეტად საქმეს ცხვრის დასაწყურებლად მდინარეზე გადარეკვა ართულებს. იმის გამო, რომ ფერმების უმეტესობის ინფრაქტრუქტურა მოშლილი და მოუწესრიგებელია,  არც დასაწყურებელი პუნქტები აქვთ ადგილზე მოწყობილი. ამიტომ, ცხვარი დღეში მინიმუმ ერთხელ, მდინარე იორთან ჩაჰყავთ. ამისთვის კი, ზოგი ფარა დღეში დაახლოებით, 3-4 კილომეტრსაც კი გადის და გზად მიწის საფარის დაზიანების გარდა, ჭალის ტყესაც ანადგურებს.

„ახლა ზამთარი რომ იყოს და აქ ვისხდეთ, დღეში მინიმუმ ათი ფარა ჩამოივლის და აივლის“, – მეუბნება ვასილი და მიხსნის, რომ როცა დოლი იწყება, მწყემსებს დედა და კოჩი ცხვარი წყლის დასალევად ცალ-ცალკე დაჰყავთ და მიწასა და ტყეზე წეზოლაც მეტია.

ვასილისა და გიას პასუხისმგებლობის ნაწილი ცხვრის ფარისგან ჭალის ტყის დაცვაა. ტყეში ცხვრის ძოვება დაცული ტერიტორიების შესახებ კანონითაა აკრძალული და შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმაცაა დაწესებული.  მაგრამ რეინჯერების გულისწუხილი ამ ჯარიმის სიმცირე და შესაბამისად, კონტროლის არაეფექტურობაა.

„აქ ორი მთავარი პრობლემაა. დღის განმავლობაში ძალიან რთულია, ორმა რეინჯერმა ამხელა ტერიტორია აკონტროლოს და ყველა ფარას უკან სდიონ. მაგრამ ჩვენს შრომას რომ თავი დავანებოთ, თუ ფაქტზე დავიჭირეთ, ადმინისტრაციულ ჯარიმას ვუწერთ და ფერმერს ამხელა ცხვრის ფარაზე 50 ლარის გადახდას ვაკისრებთ.

მოდით, ამას მათივე თვალით შევხედოთ. როცა 3000-სულიანი ცხვრის ფარის მეპატრონე ვარ, რატომ არ უნდა მიღირდეს დღეში 50 ლარის გადახდა და ამის სანაცვლოდ, ცხვრის ჭალის ტყით გამოკვება? დამატებით, ქერის ყიდვას და ამხელა ხარჯს ეს არ ურჩევნიათ?“, – მეკითხება გია სეფიაშვილი, რეინჯერი და ამატებს, რომ ყველაზე კარგი გამოსავალი მათთვის ჯარიმის ცხვრის სულადობის მიხედვით დაწესებაა: „1000 სულზე 1000 ლარს თუ დავაკისრებდით, ეს თანხა უკვე მათთვის დიდი ხარჯი იქნებოდა და ცხვარს ჭალაში აღარ შეიყვანდნენ“.

ალექს მიქელაძე „საბუკოს“ „ივრის  ჭალის ტყეების აღდგენის პროექტის“ მენეჯერია. მას მიაჩნია, რომ  ამ პრობლემის მოგვარების ცალსახად ეფექტური გზა ჯარიმების გამკაცრება ვერ იქნება. ამბობს, რომ ზოგადად, ამან შესაძლოა, ბევრ მეპატრონეს ხელი ააღებინოს მეცხვარეობის ტრადიციაზე, ან გაზრდილი ჯარიმა ისევ სოციალური წნეხი იყოს და მათ ქცევაში ბევრი ვერაფერი შეცვალოს:

„ამიტომ, პრობლემას ცოტა სისტემურად უნდა შევხედოთ. ჩვენ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები მუდმივად ვერ ვიქნებით ასეთ კრიტიკულ ადგილებში. საჭიროა, სახელმწიფომ აღიაროს ეს პრობლემა და ჰქონდეს ცალსახა პოლიტიკა, პირველ რიგში საძოვრების აღრიცხვისა და შესწავლის კუთხით; მეორე მხრივ კი, საჭიროა საძოვრების რაციონალურად გამოყენების პრაქტიკის დანერგვა. ასეთი მიდგომა იქნება სწორი გარემოსდაცვის კუთხითაც და ბენეფიტებს მოუტანს მეცხვარეებსაც – თუ მათ საძოვრებზე იქნება საკმარისი ბალახი, კანონის დარღვევაც არ მოუწევთ“.

რა საფრთხე მოაქვს ცხვარს ჭალის ტყისთვის? მანქანას მდინარის ზემოთ ვაჩერებთ და ივრის მარცხენა სანაპირომდე მისასვლელ გზას ფეხით მივუყვებით. ერთი შეხედვითაც კარგად ჩანს, როგორი გამოფიტული და უსიცოცხლოა ნიადაგი, თუმცა, როგორც კი მდინარეს ვუახლოვდებით, მწვანე საფარი სულ უფრო ქრება და ეროზირებულ, დახეთქილ მიწის საფარს, ახლა უკვე პატარ-პატარა, ასეთივე ეროზირებული ხევები ცვლის, რომლებზეც აქა-იქ მშრალი ნიადაგიდან ამოზრდილი ნახევრად გამხმარი მცენარეებიღაა შემორჩენილი.

„აი ამ სიმწვანეს ხედავ? ზამთარში ესეც არაა, სულ გადატკეპნილია, ბალახი საერთოდ არაა“, – მეუბნება ზურა გურგენიძე და მდინარის პირას აქა-იქ, კანტი-კუნტად ამოსულ მცენარეებზე მიმითითებს.

იმისთვის, რომ მდინარემდე ჩასასვლელი გზის მასშტაბები შეემცირებინათ და შესაბამისად, ნაკლები ყოფილიყო მიწის დეგრადაცია, „საბუკომ“ წელს მდინარემდე ჩასასვლელი, ე.წ. ძაბრისებრი კორიდორები მოაწყო.

„გაშლილად სიარულს ცხვარი ასე ვეღარ მოახერხებს და გარკვეულ შეზღუდულ ტერიტორიებში მოექცევა. დანარჩენი ტერიტორია გადაურჩება დეგრადაციას. გარანტიას გაძლევთ, თუ ეს ძაბრი ძალით არ გაარღვიეს და ცხვარი არ შეუშვეს, 4 წელიწადში აქაურობას ვეღარ იცნობთ“, – ჩვენთან ერთად „საბუკოს“ ადგილობრივი კონსულტანტი ამირან კოდიაშვილია, რომელიც ჭალის ტყეების აღდგენისა და კონსერვაციის პროექტში აქტიურადაა ჩართული. სწორედ ისაა პასუხისმგებელი ადგილობრივ დონეზე, ამ კორიდორების მოწყობასა და ფუნქციონირებაზე.  ყველაზე მეტად, რაც ამ კორიდორების მოწყობის იდეაში მოსწონს, ისაა, რომ ცხვარი ჭალის ტყეში ვეღარ მოახერხებს შესვლას:

„ხშირად მომისმენია, რა უნდა დააშავოს ცხვარმა ჭალაში ბალახის მოძოვითო. ეს მეტისმეტად გაუაზრებელი ფრაზაა. ცხვარი, რომელიც ჭალაში შედის, ძოვს არა მარტო ბალახის საფარს, არამედ, ყველა იმ ხე-მცენარის ახალ აღმონაცენს, რომლებიც ჭალას ქმნის. ჭალა კი აღკვეთილის სიცოცხლის წყაროა. ამიტომ, თუ მას დავკარგავთ, ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ მალე სასოფლო-სამეურნეო მიწებიც გაქრება“.

თუმცა, ამირან კოდიაშვილისთვის პრობლემის სათავე არის შეკითხვა – რატომ შეჰყავს მწყემსს ფარა ჭალაში? „ამაზე პასუხს საძოვრების რესურსებამდე მივყავართ. ამიტომაა ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ცხვარი აქ იმიტომ შედის, რომ საკვების დეფიციტი აქვს, საძოვრებზე ბალახი აღარაა, რესურსები ილევა…“.

რატომ არის საძოვრებზე ბალახის დეფიციტი და რა იწვევს გაუდაბნოებას?  საბჭოთა პერიოდში საქართველოში 2 მილიონზე მეტი ცხვარი აღირიცხებოდა და მათი ნაწილი ზამთრის საძოვრებად კასპიის ზღვის მიმდებარე მიწებს იყენებდა. 1990-იანი წლებიდან საქართველომ დაკარგა წვდომა ამ საძოვრებზე. საქსტატის 2018 წლის მონაცემებით,  ცხვრების რაოდენობა საქართველოში იმ პერიოდთან შედარებით, 40%-ითაა შემცირებული,  თუმცა გაზრდილია საძოვრების დატვირთვა; შესაბამისად – მასზე უარყოფითი გავლენაც. ცხვრის რაოდენობის შემცირების მიუხედავად, მეცხვარეებმა ცხვრის ფარები მხოლოდ საქართველოში, მცირე ტერიტორიებზე გადაანაწილეს. გადაძოვილმა მინდვრებმა სერიოზული გარემოსდაცვითი და სოციალური საფრთხეები გააჩინა.

დედოფლისწყაროში საძოვრების დატვირთვაც სწორედ 1990-იანი წლების შემდეგ გაიზარდა. მას შემდეგ, რაც მწყემსები აღარ იყენებდნენ ყიზლარის ზამთრის საძოვრებს. მარტო დედოფლისწყაროში ყოველ სეზონზე დაახლოებით, 50 000 ცხვარი იყრის თავს.

კლიმატის ცვლილების გამო, მუნიციპალიტეტში წლიური ნალექების რაოდენობა ისედაც 400 მმ-ზე დაბლა ჩამოდის. გვალვიანი პერიოდის საშუალო ხანგრძლივობა 54 დღიდან 72 დღემდე გაიზარდა, ნიადაგი გამოიფიტა, წყლის რესურსები შემცირდა. ამის გამო იკარგება უნიკალური მცენარეული საფარიც. გარემო მსგავსი ზემოქმედების მიმართ სენსიტიურია და ბუნებრივთან ერთად, ადამიანურ ზემოქმედებას მარტივად განიცდის.

2019 წელს „საბუკომ“ ნიდაგისა და მცენარეული საფარის შესასწავლად საპილოტედ, ერთ-ერთ საძოვარზე კვლევები ჩაატარა და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავა. ამ კვლევის მიზანი, არსებული მდგომარეობის დანახვის გარდა, საძოვრებზე როტაციული ძოვების სისტემის დანერგვა იყო. როტაციული, ანუ მონაცვლეობით ძოვება ნიშნავს საძოვრების ნაკვეთებად დაყოფას და ცხვრის ამ დაყოფილ ადგილებზე მონაცვლეობით გადაადგილებასა და ძოვებას.

კვლევამ გამოავლინა, რომ 750 ჰა-ზე ტერიტორიის 26% უმნიშვნელოდ დეგრადირებული იყო, 25% საშუალოდ, 20% – ძლიერ, 18% – მნიშვნელოვნად, ნიადაგის 11% კი – სრულიად უსიცოცხლო. კვლევის დროს კლასიფიკაციაში ვერ მოხვდა  ნიადაგი, რომელიც დეგრადირებული არაა, რადგან მკვლევრებმა ასეთი მიწის საფარი ვერ აღმოაჩინეს.

საძოვრებისათვის განსაზღვრული დღეების დადგენის მიზნით, თითოეული ნაკვეთის ტევადობის დაანგარიშება მოხდა ფართობის საფუძველზე. გასათვალისწინებელია, რომ აღდგენის პერიოდები და ზრდის ტემპები დამოკიდებულია მრავალ ცვლადზე, როგორიცაა, სეზონი, კლიმატი, მცენარეული საფარი, პირუტყვის კვების რაციონი და ჰექტარზე მაქსიმალური სულადობის ლიმიტი: „აქედან გამომდინარე, ყველაზე გონივრულია, მიწის მფლობელებმა და მწყემსებმა ერთად დააბალანსონ ძოვებისა და აღდგენის პერიოდები“, – წერია სამოქმედო გეგმაში.

ნათია ჯავახიშვილი, „საბუკოს“ დირექტორი, რუკაზე მიხსნის, რატომ აირჩიეს ეს ტერიტორია საკვლევად: „ჭაჭუნის აღკვეთილი ფრაგმენტებადაა დაყოფილი და დაცული ტერიტორიისთვის ეს ძალიან ცუდია.  აი, ზემოთ ეს მიწები კერძო მესაკუთრის საძოვრებია, ქვემოთაც მისია, ეს შუა, დაახლოებით 750 ჰა-ის ფართობი კი დაცული ტერიტორიაა. თან არავისი, თან ყველასი, რადგან, როდესაც ზემოდან ცხვარი დასაწყურებლად მდინარეზე მიჰყავთ, სწორედ ამ დაცულ ტერიტორიას გადიან“.

ამიტომ, ორგანიზაციამ გადაწყვიტა, სწორედ აქ დაენერგათ მონაცვლეობითი ძოვების სისტემა და სეზონების მიხედვით, დაკვირვება გაეგრძელებინათ. თუმცა, მიწის სტატუსის ცვლილების გამო, პროცესი დროში გაიწელა.  ამიტომ, „საბუკომ“ ახალი გეგმა შეიმუშავა და ამავე ტერიტორიის გვერდით მდებარე საძოვრების მფლობელთან დაიწყო მუშაობა.

პირველ რიგში, დაახლოებით 900 ჰა საძოვრის მფლობელს ადგილზე ცხვრის დასაწყურებლები მოუწყვეს და ჭაც გაუთხარეს, რის გამოც, ცხვრის ფარა მდინარე იორში წყლის დასალევად ნაკლებად ჩადის.

ამის შემდეგ, „საბუკოს“ რესურსების მენეჯერმა, მარინუს გებჰარდტმა დაახლოებით 2 თვე ფერმაში გაატარა და ცხვრის მესაკუთრესთან მუშაობის შედეგად, მონაცვლეობითი ძოვების სისტემა დანერგა.

ნათია ჯავახიშვილი მეუბნება, რომ მიწის კერძო მფლობელთან მუშაობაზე თავიდან არც უფიქრიათ, რთულად წარმოედგინათ მისი დაყოლიება: „თუმცა, იმის გამო, რომ ჩვენც გარკვეული რესურსი გავიღეთ, დასაწყურებლების მოწყობით, რეალურად, მათივე შრომაც დავზოგეთ, შემდგომ ეტაპზე მარტივი აღმოჩნდა მათთან ურთიერთობა“.

მართალია, სამოქმედო გეგმა სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით შეიქმნა  და მონაცვლეობითი ძოვების თავისებურ სქემას გვთავაზობს, ნიადაგის მდგომარეობიდან გამომდინარე, განსაზღვრავს 1 ჰა-ზე ცხვრების რაოდენობას და ა.შ. თუმცა, „საბუკოს“ დირექტორის თქმით, ყველაზე სწორი მიდგომა შუალედური პრინციპების ძიება და საძოვრების სპეციფიკის გათვალისწინებაა: „საძოვრებზე მუშაობა მხოლოდ გაწერილი გეგმის მიხედვით ვერ მოხდება. საჭიროა საერთო ენის გამონახვა თავად ფერმერებთან და ამ იდეების შეჯერება. ჩვენ ვუსმენდით მეცხვარეებს და მათ იდეებს სწორ მიმართულებას ვაძლევდით“.

თუმცა, მსგავსი კერძო ინიციატივებისა და პროექტების მიღმა, ნათიასთვის და ზოგადად, „საბუკოსთვისაც“ პროექტის ეფექტური გაგრძელება სახელმწიფოს მხრიდან სისტემური პოლიტიკისა და გამოცდილებების დანერგვა იქნება.

ჯავახიშვილი ამბობს, რომ „საბუკო“ პარალელურად ცდილობს, ითანამშრომლოს სახელმწიფო უწყებებთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მუდმივ ადვოკატირებას ახორციელებს. ორგანიზაციამ შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც საკანონმდებლო ბაზას მიმოიხილავს.

კანონმდებლობის შესწავლის შემდგომ გამოიკვეთა ის ძირითადი ხარვეზები, რომლებიც საძოვრების მდგრად მართვას ვერ უზრუნველყოფს. პირველ რიგში, ქვეყანას არ აქვს კანონი, რომელიც უშუალოდ მიმართული იქნება საძოვრების მართვის დარეგულირებაზე, ამიტომ რეგულაციები სხვადასხვა ნორმატიულ აქტშია გაბნეული. თუმცა, პრობლემურია ისიც, რომ ზოგიერთ აქტში განსაზღვრული არაა აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოები, ან ეს ნორმები ეხება მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებს და აქვე, ზოგიერთი რეგულაცია მოძველებული და არარელევანტურია.

მაგალითად, 1994 წლის კანონი „ნიადაგის დაცვის შესახებ“ მაღალმთიანი საძოვრებისთვის საძოვართა  მონაცვლეობის, ე.წ როტაციის დამკვიდრებას განსაზღვრავს. თუმცა ეს  ეხება მხოლოდ მაღალმთიან საძოვრებს და ვერ ვრცელდება ისეთ საძოვრებზე, როგორიც ჭაჭუნის აღკვეთილშია.

რა პოზიცია აქვს სახელწმიფოს საძოვრების მართვასა და გაუდაბნოებასთან დაკავშირებით? სამინისტროს პოზიცია ასეთია, რომ უახლოეს მომავალში მომზადდება საძოვრების მართვის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც კანონმდებლობის შექმნის წინაპირობა იქნება. 2018 წელს შექმნილი მიწის მართვის სააგენტო კი უკვე მუშაობს მიწების დათვლასა და კატეგორიზაციაზე.

გიზო ჭელიძე  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია. რთულია, გაიგო, კონკრეტულად რა პოზიცია აქვს სამინისტროს საძოვრების მართვასა და მიწის დეგრადაციასთან დაკავშირებით, რადგან კანონმდებლობის ხარვეზები პასუხებსაც ზოგადსა და ხანდახან ბუნდოვანს ხდის. მაგრამ გიზო ჭელიძე აღიარებს, რომ ქვეყანას სჭირდება უშუალოდ საძოვრების მართვის სამართლებრივი ნორმები:

„ამ კუთხით, ჩვენ, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის დახმარებით, უკვე დავიწყეთ პროექტზე მუშაობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ვიმუშაოთ საძოვრების მართვის პოლიტიკის დოკუმენტზე და ეს იქნება კანონმდებლობის წინაპირობა“, – გიზო ჭელიძის განმარტებით, ამ კანონით განისაზღვრება, როგორ უნდა მოხდეს საძოვრების დაცვა, ვინ იქნება ამაზე პასუხისმგებელი და რა მექანიზმები უნდა დაინერგოს.

შეკითხვაზე – გამოიყენებენ თუ არა ისეთ მექანიზმებს, როგორიცაა, მაგალითად, მონაცვლეობითი ძოვების სისტემა და გაუდაბნოების წინააღმდეგ მიმართული სხვა აქტივობები? – ჭელიძე ამბობს, რომ ამას კანონი დაარეგულირებს და სამინისტრო საუკეთესო პრაქტიკას დანერგავს:

„კანონი არ არის პანაცეა! ჩვენ უნდა გვქონდეს  პრევენციის ძლიერი გზებიც და პარალელურად ადგილობრივების ცნობიერებაც უნდა ავამაღლოთ“, – ასეთია სამინისტროს წარმომადგენლის პოზიცია.

მანამდე კი ჭაჭუნის აღკვეთილში ცხვრისთვის სულ უფრო მეტი დამატებითი საკვების საჭიროებაზე საუბრობენ: „გასულ წელს ბალახის ხსენება არ იყო. აი, აქვეა ერთი ფერმა. გეუბნებით, 14 ტონა ქერი აჭამა დამატებით ცხვარს და ცალკე კომბოსტო მოუტანა. წელს არ ვიცი, რა იქნება“, – მეუბნება რეინჯერების საცხოვრებლიდან გამოსვლისას ვასილი. ზუსტად 17 წელია ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიას დარაჯობს. გამოსვლისას ზურა გურგენიძეს პირობას ადებინებს, რომ შემდეგ ჩამოსვლაზე ფოცხვერის დაბეჭდილ ფოტოს ჩამოუტანს და ისევ თავის საქმეს უბრუნდება.


სტატია მომზადდა მდინარე ივრის ჭალის ტყეებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენის პროექტის ფარგლებში, რომელიც Cambridge Conservation Initiative-ის მხარდაჭერით, ლანდშაფტის აღდგენის საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში ლისბეტ რაუსინგისა და პიტერ ბოლდვინის საქველმოქმედო ფონდი არკადიას დახმარებით ხორციელდება საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის, საბუკოს მიერ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და Birdlife International-ის თანამშრომლობით.