კავკასიური შურთხი

 

კავკასიური შურთხი, ქათმისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, საკმაოდ დიდი ზომის ფრინველია, რომლის წონაც 1,500-1,900 გრ-ამდე მერყეობს. ის კავკასიის რეგიონის ენდემურ სახეობად ითვლება, რაც ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოს მასშტაბით გვხვდება მხოლოდ კავკასიის მთიანეთში, კერძოდ დიდი კავკასიონის მთათა სისტემაში.   ქვეყნების მიხედვით გავრცელებულია: საქართველოში, აზერბაიჯანსა და რუსეთში. მისი საშუალო პოპულაცია 3,300-16,000 წყვილამდე მერყეობს, რაც 7,000-32,000 ინდივიდს უდრის. (BirdLife International 2015)

ასეთი სახეობები ბუნებრივი სისტემების ქმედებასა და წონასწორობისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. კავკასიური შურთხი, სწორედ ასეთი ენდემური სახეობების რიგს განეკუთვნება.

მისი ადგილსამყოფელი, ანუ ჰაბიტატი სუბ-ალპური, ალპური, სუბ-ნივალური და ნივალური ზონებია (ზღვის დონიდან 1900-4000 მ-გჰგჰგჰგჰგმდე) უმეტეს შემთხვევაში გვხვდება დეკიანი მასივების (Rhododendron) მაღლა, ქვაღორღიან, შედარებით დაუსახლებელ ტერიტორიებზე.  ასევე მყინვარების მიმდებარე  ზოლში, ალპულ მდელოებზე, წვრილნაშლებსა და ღორღიანებში. იკვებება  უმეტესად ალპურ  მცენარეთა თესლებისა, კვირტებისა, მათი მწვანე ნაწილებისა და ყვავილებისაგან. ასევე უარს არ  ამბობს  კენკრასა და ხანდახან მწერებზეც.

მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში მდედრები კვერცხის დებას იწყებენ . ბუდეს მტაცებლისგან ან სხვა შემწუხებლისგან მიუდგომელ, კლდოვან და ძნელად მისაგნებ  ადგილებში იკეთებენ. ადგილის შერჩევის შემდეგ იწყებს მარტივი ბუდის შენებას რომელიც მცირე ზომის ტოტებით, ბალახით, ბუმბულითა და ბეწვებით არის ამოფენილი. მდედრი შურთხი დებს საშუალოდ 3-10 კვერცხს.

ახასიათებს მცირე სეზონური გადაადგილება რაც გამოიხატება ზონალობის ცვლილებით. ზამთარში,  თოვლის საფარის მატებასთან ერთად ფრინველი ჩამოდის ქვევით, ზაფხულში კი პირიქით, მიიწევს უფრო მაღლა და მაღლა.

გაზაფხულზე, მთის ძირებში სეირნობისას ძალიან მაღლა, კლდეებიდან თუ საოცარ, სტვენისმაგვარ ხმას გაიგონებთ არ გაგიკვირდეთ, ამ ხმას მამრი შურთხი გამოსცემს. რასაც მდედრის მოსაზიდად, ან უბრალოდ საკუთარი ტერიტორიის გასამყარებლად აკეთებენ.

მთის ხალხი ამ ფრინველს მთის ინდაურს ეძახის, სვანები კი მას ჟვანკვიათი მოიხსენიებენ. ადგილობრივ, მაღალმთიან რეგიონებში, შურთხის ხსენებისას უმალ ლეგენდას მოგიყვებიან მისი და ჯიხვის თანაცხოვრებაზე.

 

ხალხი მას ჯიხვის თანამგზავრ ფრინველს უწოდებს,  მათ ხშირად ერთი და იგივე საცხოვრებელ გარემოში ვხვდებით და როგორც მთის ხალხი ამბობს, ეს ორი სახეობა ერთმანეთის გარეშე ვერ იცოცხლებსო, მათი გადმოცემით შურთხი თავისებური შეძახილით ჯიხვს საფრთხის მოახლოებას ამცნობს, ხოლო ზამთარში, როცა მთის მკაცრ პირობებში შურთხს საკვების მოპოვება უჭირს, ჯიხვის ფლოქვებით გადაყრილ თოვლში ეძებს საკვებსო.

დანამდვილებით რთულია იმის თქმა, მართლა არსებობს თუ არა ჯიხვსა და შურთხს შორის წარმოქმნილი ბუნებრივი სიმბიოზური კავშირი, მაგრამ ლეგენდა ლეგენდად რჩება და სწორედ ასე აცნობენ მასპინძლები ამ ფრინველს ქალაქიდან ჩასულ ყველა სტუმარსა თუ ტურისტს.

 

2018-02-05T18:04:12+00:00