“ისინი ჩამოვიდნენ მთიდან”

დიდი კოჭობა (Carpodacus rubicilla) ბეღურაზე ოდნავ მოზრდილი ფრინველია, რომელიც სულ რაღაც 40-48 გრამს იწონის. ის  გვხვდება აზიის მთიან ნაწილსა და დიდი კავკასიონის მთათა სისტემაში. გავცელებულია შემდეგ ქვეყნებში: აზერბაიჯანი, საქართველო, რუსეთი, ავღანეთი ჩინეთი, ინდოეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, ნეპალი, პაკისტანი, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში. სამწუხაროდ აზიის პოპულაცია კავკასიის რეგიონთან შედარებით ნაკლებადაა შესწავლილი. კავკასიის რეგიონში კი საშუალოდ  5,100 – 10,300 წყვილამდეა აღწერილი, რაც 10,100-20,500 ინდივიდს უდრის (BirdLife International 2015).

BirdLife International. 2016. Carpodacus rubicilla. The IUCN Red List of Threatened Species 2016: e.T22720610A88642593. http://dx.doi.org/10.2305/IUCN.UK.2016-3.RLTS.T22720610A88642593.en

@IUCN Distribution Map
Carpodacus rubicilla

დიდი კოჭობას  (Carpodacus rubicilla) ადგილსამყოფელი ანუ ჰაბიტატი ძირითადად 3000-იდან 4000-მ დე მერყეობს სუბ-ალპურ, ალპურ და სუბნივალურ ზონებში. ეს არის ადგილები, რომელიც საკმაოდ ღარიბი მცენარეული საფარით ხასიათდება. უმეტეს შემთხვევაში გვხვდება დეკიანი მასივების (Rhododendron) მაღლა, ქვაღორღიან, შედარებით დაუსახლებელ და უნაყოფო ტერიტორიებზე.  ასევე მყინვარების მიმდებარე  ზოლში, გაყინულ მინდვრებსა და ალპულ მდელოებზე, წვრილნაშლებსა და ღორღიანებში. იკვებება  უმეტესად ალპურ მცენარეთა თესლებისაგან, კვირტებისა და ყვავილებისაგან. ასევე უარს არ ამბობს  კენკრასა და ხანდახან მწერებზეც.

ივნისის შუა რიცხვებიდან დედლები კვერცხის დებას იწყებენ . ბუდეს მტაცებლისგან ან სხვა შემწუხებლისგან მიუდგომელ და ძნელად მისაგნებ  ადგილებში იკეთებენ, რომელიც  ხშირად კლდის ნაპრალში ან უბრალოდ ქვაყრილებშია მოთავსებული. ადგილის შერჩევის შემდეგ იწყებს მარტივი ბუდის შენებას რომელიც,  მცირე ზომის ტოტებით, ბალახით, ბუმბულითა და ბეწვებით უნდა ამოფინოს. მდედრი კოჭობა დებს 4-5 მოლურჯო მცირედ დაწინწკლულ კვერცხს.

@Paul French “Caucasian Great Rosefinch, Kazbegi, Georgia, April 2012 “

დგება შემოდგომა, მთებში სიცივე მკვეთრად მატულობს, მწვერვალებზე უფრო ხშირად მოდის თოვლი, წითელი და ყვითელი ფერები ნელ-ნელა მწვანის ჩანაცვლებას იწყებენ. ამ დროს მთაში ყველა ცოცხალმა ორგანიზმმა ზამთრისთვის მზადება დაიწყო, რომელიც აქ განსაკუთრებით მკაცრია. კოჭობაც არ ჩამოვარდნილა მათ რიგებს და როგორც კი შეატყო, რომ მთაში ცხოვრება გაუსაძლისი გახდა  ცოტა ხნით დატოვა ეს ტერიტორიები და ქვედა იარულებზე ჩამოიწია, სადაც ნაკლებად ყინავს და მომდევნო გაზაფხულამდე გარკვეულწილად საკვებიც უხვადაა. უმეტესწილად ქაცვის (Hippophae) ფშატისა (Elaeagnus) და კოწახურის (Berberis vulgaris) ნაყოფების სახით.თუმცა აქცვე აღსანიშნავია რომ მოყვარულ ბერდვოჩერებს და ფოტოგრაფებს ნოემბრის ბოლოდან მარტამდე კოჭობების ნახვის კარგი შესაძლებლობა ეძლევათ.

 

@Natia Javakhishvili, Kazbegi, December 2017

 მარტის ბოლო პერიოდიდან, როგორც კი თოვლი დნობას იწყებს დიდი კოჭობა გამოსაზამთრებელ ტერიტორიებს ტოვებს და გასამრავლებლად ისევ ალპური და სუბალპური მდელოებისკენ მიემართება, სადაც საკვები და საბუდარი ტერიტორია მეტია, პოტენციური მტაცებელი კი ნაკლები, ასე რომ წარმატებული ბუდობის შანსი გაცილებით მაღალია. კონკურენციაც შემცირებულია, რადგან საცხოვრებლად ასეთ მკაცრ კლიმატურ პირობებს, როგორიც სუბალპურ, ალპურ და სუბნივალურ ზონებშია, მხოლოდ რამდენი სახეობის ფრინველი თუ უძლებს (რქიანი ტოროლა / Eremophila alpestris, ალპური ჭვინტაკა / Prunella collaris, წითელმუცელა ბოლოცეცხლა / Phoenicurus erythrogastrus, მეთოლვია / Montifringilla nivalis ) განსხვავებით ქვედა ზონალობისგან, სადაც გამრავლების პერიოდში უამრავი ფრინველი იყრის თავს.  როგორც მისი გავრცელების ქვეყნებში ჩანს, ფრინველი გვხვდება უმეტესწილად ცივი კლიმატური პირობების მქონე რეგიონებში, შესაბამისად მისი მიგრაციის მიზეზს ყველა ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად შეიძლება მაღალი ტემპერატურისთვის თავის არიდებაც წარმოადგენდეს.

Previous Image
Next Image

info heading

info content


 

 

ავტორი:  დაჩი შოშიტაშვილი

2017-12-19T19:44:24+00:00